დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება.
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ელექტრომობილების დამტენი, რომელიც კომპანიამ „მარტივი“ დაამონტაჟა, დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. მასთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინი ბაგაშვილი იმყოფებოდნენ.
კახა კალაძემ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რასაც მუნიციპალიტეტი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ატარებს.
„ელექტრომობილების წახალისება ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მათ მფლობელებს საკმაოდ ბევრი შეღავათი აქვთ, განბაჟებას უფასოდ აკეთებენ, ქალაქში პარკირებაც უფასო აქვთ. რაც შეეხება ელექტროდამტენებს, ჩვენ სწრაფი დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით თებერვალში ტენდერი გვქონდა გამოცხადებული. იყო სამი ლოტი და ორი გამარჯვებული კომპანია გვყავს. მათ შორის, ორ ლოტში გაიმარჯვა კომპანიამ „მარტივი“. სწორედ მათ მიერ დამონტაჟებული ერთ-ერთი დამტენი დავათვალიერეთ დღეს. კომპანიას ტენდერის პირობების თანახმად, 130 ელექტროდამტენის დამონტაჟების ვალდებულება აქვს და აქედან ნახევარზე მეტი სხვადასხვა არეალში უკვე დამონტაჟებულია. ძალიან მარტივია მათი გამოყენება მობილური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ. ჩვენ დედაქალაქში კონკრეტული ადგილები გვაქვს, სადაც სწრაფი დამტენებია დამონტაჟებული. ასევე, სპეციალურად ელექტრომობილებისთვის პარკინგსივრცეები გვაქვს მოწყობილი, სადაც უფასოდ დაპარკინგება და დატენვაა შესაძლებელი.
ზოგადად, იცით, რომ მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს, განვახორციელეთ მთელი რიგი რეგულაციები სამშენებლო მიმართულებით, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც თავისი გამონაბოლქვით აბინძურებდა გარემოს. დღეს, თბილისის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები და მიკროავტუბესები ემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელის მოწყობა მიზნად ისახავს ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის შექმნას.
2025 წლის თებერვალში თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქში, ჯამში, 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.




