თბილისში, შესაძლოა, ევროსაბჭოს წამების შემსწავლელი კომიტეტი ჩამოვიდეს

ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად თბილისში შესაძლოა, ევროსაბჭოს წამების კომიტეტი ჩამოვიდეს. ამ ვიზიტის იდეა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ოპოზიციის საუბრის დროს გაჩნდა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამბობენ, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ბოლო კვირებში წამებად შეფასებული შემთხვევები საჭიროა საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეისწავლონ და შესაბამისი დასკვნა დადონ.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – მკაფიო განცხადება იყო მისი {ალენ ბერსეს] მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე – არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს. მესამე – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. მეოთხე – აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების შემსწავლელი კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. მეხუთე – კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, მათ შორის, ჩემზე თავდასხმის ფაქტზე. მათი აზრითაც, ეს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა. ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი იმიტომ, რომ ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება რეჟიმის მხრიდან. დაინტერესდნენ, ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ მიმდინარეობს და მთხოვეს, რომ მეტი დეტალი იყოს ამასთან დაკავშირებით გადაგზავნილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს, ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოშია. წამების კომიტეტთან დაკავშირებით იყო საუბარი. იცით, რომ ჩვენ წერილობითაც მივმართეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. მათ მხრიდანაც იყო ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი იყოს,“ – განაცხადა მ.
ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ძლიერი საქართველოს ლიდერებთან. ოპოზიციასთან საუბრის მთავარი თემა დემონსტრატებზე ძალადობა და მათი უფლებრივი მდგომარეობის განხილვაა.