ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, სტუდენტები აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე 6 თებერვლის ღამის 3 საათისთვის დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, გამოძიების ვერსიით, ისინი სტენსილების გაკეთების დროს დააკავეს. აჩი გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის მონაწილეები არიან. სტუდენტია გიორგი ბარბაქაძეც.
ადვოკატის თქმით, მან უკვე მოინახულა თავისი დაცვის ქვეშ მყოფები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ ძალადობის კვალი არ ეტყობათ.
