თბილისში ქართული აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, ვეკუას ქუჩაზე, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან “კომერსანტს” აცნობეს, ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად იმყოფებოდნენ.
“საინტერესო ღონისძიება ტარდება დღეს თბილისში, დაახლოებით 20-მდე მცირე და საშუალო ფერმერია წარმოდგენილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტებიც ინტერესდებიან ჩვენი ქართული გამორჩეული საგემოვნო თვისებების პროდუქციით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას. ქალბატონი ნინო წილოსანი ჯერ კიდევ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეობისას იყო ამ იდეის ავტორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება დღეს ეს ღონისძიება,“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა შესთავაზეს ქართული თაფლი, ჩაი, წვენები, ღვინო და სხვადასხვა სახის ტრადიციული ტკბილეული, მათ შორის, ჩურჩხელა, ჩირი და ტყლაპი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული წესით დამზადებული ყველის ნაირსახეობა.

ასევე დაგაინტერესებთ