თბილისში, უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება – “მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია დასრულდა”

„დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება. ქვეყანაში მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია, ფაქტობრივად, დასრულდა“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ზუკა თავყელიშვილმა – Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას ორ ძირითადი ფაქტორი განაპირობებს.
„პირველი არის – საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მეორე – საინვესტიციო შენაძენია, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს“, – აღნიშნა Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა.
ზუკა თავყელიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენზე ამახვილებს და ამ კუთხით, ახალგაზრდების როლს გამოყოფს.
„თანამედროვე ახალგაზრდა წყვილები წინა თაობებზე გაცილებით მეტად ცდილობენ, შექმნან საკუთარი გარემო, ამისთვის მათ მეტი ფინანსური შესაძლებლობები და შეთავაზებებიც აქვთ, ვიდრე ეს წინამორბედების შემთხვევაში ხდებოდა. მაგალითისთვის, ახალგაზრდებს საკუთარი ბინის შეძენაში ხელს უწყობს სხვადასხვა ბანკების შეთავაზებები და იპოთეკური სესხების აღების შესაძლებლობება. ეს ერთგვარი მოტივატორია უძრავი ქონების ბაზრისთვისაც. გარდა ამისა, საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენზე საუბრისას, შეიძლება გამოიყოს სტუდენტების კატეგორიაც, რომლებიც დედაქალაქში სასწავლებლად რეგიონებიდან ჩამოდიან და ცდილობენ, რომ თბილისში საცხოვრებელი ფართები შეიძინონ“, – ამბობს ზუკა თავყელიშვილი.
მისიე თქმით, საბოლოო ჯამში, ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ურბანიზაციის ზრდა თბილისში წლიურად, დაახლოებით, 10 000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას.
რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს ამ ბაზარზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების მდგრადობის ანალიზი ჩაატარა, სადაც მიუთითებს, რომ 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს გარკვეული შენელება შეინიშნება, უძრავი ქონების იჯარის, ანუ ბინის ქირის ღირებულებაც პიკური მაჩვენებლიდან შემცირებულია და მისი ინდექსი ნორმალიზდა. ეროვნული ბანკის ანალიზში ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის 60 პროცენტი თბილისზე მოდის, სადაც მოთხოვნის ძირითად ნაწილს საქართველოს რეზიდენტები წარმოადგენენ. შესაბამისად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მაღალი საგარეო მოწყვლადობით არ ხასიათდება. რაც შეეხება ტრანზაქციების მიმართულებას, ასევე ეროვნული ბანკის მიხედვით, თბილისში ტრანზაქციების მცირედით, წლიურად 0.6 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა, რაც ამ ბაზრის აქტივობის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე მიუთითებს. მსგავსი დინამიკა შეინიშნება ქვეყნის მასშტაბითაც. ფასები კი კვლავ ზრდას განაგრძობს, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ზრდის ტემპი შენელებულია.

ასევე დაგაინტერესებთ