“თბილისში ტურისტული ჯავშნების, თითქმის, 70% უკვე გაუქმდა” – შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქში პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო, სასტუმროებში ჯავშნების ძირითადი ნაწილი გაუქმებულია და იგივე ტენდენცია ფიქსირდება სამთო კურორტებზე. ამის შესახებ მან საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე BMG-ის განუცხადა.
დარგის წარმომადგენლის განცხადებით, ტურიზმის სექტორის ამ შეფერხებაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება და არა – აქციის მონაწილეებს.
“რა თქმა უნდა, ჯავშნების რაოდენობასა და ტურიზმზე ეს ყველაფერი მყისიერად ისახება. ტურიზმი ყველაზე მყიფე ბიზნესია, რომელზეც ნებისმიერი რყევა ქვეყანაში, დემონსტრაცია, მყისიერად აისახება და პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ ახალი ჯავშნების მიღება ჩვენთან შეჩერდა, მიმდინარეობს ძველი ჯავშნების გაუქმება ყოველდღიურად, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ რაიონებში, ცენტრი ამ ეტაპისთვის პარალიზებულია, თბილისში ტურისტული ჯავშნების თითქმის 70% გაუქმდა უკვე.
პირდაპირ მინდა ვთქვა, აქციები არაფერ შუაშია, ამაზე ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლების მოვალეობაა, ქვეყანა იყოს სტაბილური, იყოს სიმშვიდე და სიწყნარე, რომ განვითარდეს ტურიზმი. სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ, რა თქმა უნდა”, – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჯავშნები უქმდება არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან, არამედ იმ ქვეყნებიდანაც, საიდანაც, წინა წლებში ყველაზე მეტ ტურისტს ვიღებდით.
“თქვენ წახვალთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ასეთი რაღაცები ხდება? ეს არ არის პარიზი, სადაც შეიძლება მეტროს თანამშრომლების ერთდღიანი გაფიცვა იყოს, ეს არის მასობრივი პროტესტი, და ეს გადაიცემა მთელს მსოფლიოში. ეს არ აისახება მხოლოდ ევროპელებზე, არამედ მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსულ სტუმრებზე, ჩვენს მეზობლებზეც. ბოლო რამდენიმე წელია, ახალი წლის განმავლობაში, ძალიან აქტიურად გვყავდა ჩვენი მეზობელი სომხეთიდან სტუმრები, წელსაც საკმაოდ ბევრი ჯავშნები გვქონდა და იქიდანაც კი გაუქმდა.
თანდათანობით უქმდება ჯავშნები სამთო კურორტებზეც, დანაც, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორია და გუდაურის თითქმის 70% აქვს დაჯავშნილი, ამ ეტაპისთვის, ახალი ჯავშნები არ შემოდის და ყოველდღიურად შემოდის ზარები კითხვით “რა ხდება თქვენთან, სიმშვიდეა თუ არა?”, ყველაა ელოდება მოვლენების განვითარებას, თუ სიტუაცია გაგრძელდა, ველოდებით მასიურ გაუქმებებს”, – აცხადებს ალავერდაშვილი.
შალვა ალავერდაშვილმა BMG-სთან ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბნენ. ალავერდაშვილის განმარტებით, ომბუდსმენის ოფისი პროტესტის ადგილად შეირჩა, რადგან სწორედ ამ აპარატს ევალება აქციებზე გამოვლენილი დარღვევების დაფიქსირება.