2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორი) წლიურად 10%-ით 17.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდითა და რეგიონული ექსპანსიით. ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა თბილისს გადაუსწრეს, – ინფორმაციას ამის შესახებ Galt & Taggart-ი აქვეყნებს.
ბაზარზე არსებულ ვითარებაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, თბილისში რაოდენობრივად ნაკლები მაღაზია იმიტომ იხსნება, რომ ბაზარი გაჯერებულია და ბევრი მაღაზიაა, ხოლო რეგიონში კი პოტენციალი ჯერაც დიდია.
„რეგიონებში ლიდერი პოზიციები „დეილი ჯგუფს“ უკავია, ვინაიდან მისი სტრატეგიული განვითარება უკვე წლებია, რეგიონებზე მოდის. ესეც განპირობებულია იმით, რომ იჯარის ქირა, ისევე, როგორც ხელფასები, რეგიონში დაბალია და შესაბამისად, ეს იყო მიმზიდველი „დეილი ჯგუფისთვის“, უფრო მეტი მაღაზია რეგიონებში გაეხსნა. დღეს ის ლიდერის პოზიციას იკავებს რეგიონებში, რაც აძლევს კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებასა და და ეკონომიის მასშტაბურობას“, – განმარტავს მირანდა მანჯგალაძე.




