თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიხსნა

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიხსნა.
ფესტივალი 2024 წლის საუკეთესო სომელიედ დასახელებულებმა სომელიებმა, საბა ქიტიაშვილი და თეონა თოხაძემ გახსნეს.
როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანი ჯიქიამ განაცხადა, ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტები იქნება წარმოდგენილი.
„ქართული ღვინის ფესტივალი”, რომელიც მე-6 ტარდება, წარმოდგენილი იქნებიან ღვინოს კომპანიები, ქართული ნუგბარი და ბევრი ავთენტური ქართული პროდუქტი, ასევე ხელნაკეთი ნივთები.
„აქ მოსულ ადამიანებს დროის არაჩვეულებრივად გატარებას ვთავაზობთ, ღვინოს დეგუსტაციას. წარმოდგენილი იქნებიან, ასევე სომელიეები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასს და 17:00 საათზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ღვინოებს გამოავლენენ.
ფესტივალის მიმდინარეობისას სრულად დატვირთული პროგრამა იქნება. ასევე გვექნება გათამაშება, სადაც მოსული სტუმრები შემთხვევითობის პრინციპის მიხედვით დასაჩუქრდებიან”,- განაცხადა ანი ჯიქიამ.
სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის მოწვეულები არიან სომელიეები: თეონა თოხაძე Wset Level 3, დიმიტრი ლელაძე Wset Level 3, ირაკლი კვანტრიშვილი WSET Lelev2 და საბა ქიტიაშვილი Wset level 2, რომლებიც, 17:00 საათზე, გამოავლენენ თავიანთ რჩეულ ღვინოებს სხვადასხვა ნომინაციაში.
მნიშვნელოვანია, რომ სომელიე და ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე ჩაატარებს ორ სესიას ინგლისურ და ქართულ ენებზე -„ყნოსვის ტრენინგი – ღვინის არომატების აღმოჩენა“ “Aroma Quest: Decoding Wine Aromas”.
“მიხარია, რომ ამ ფესტივალის მეგობარი უკვე მე-2 ვარ. წლევანდელმა ფესტივალმა ახალი მასშტაბები შეიძინა. განსხვავებით შარშანდელი წლისგან, წელს საუკეთესო ღვინოების გამოვლენის ცერემონიაც გვექნება – საუკეთესო საფერავი, საუკეთესო წითელი ღვინო, საუკეთესო თეთრი და საუკეთესო ქარვისფერის – ნომინაციებში.
ასევე გვექნება მასტერკლასი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც ყურადღება ღვინის არომატებზე გამახვილდება, თუ რაში გვეხმარება ღვინოში სხვადასხვა არომატების ამოცნობა, და ღვინის ჯიშების წარმოშობაზე ვისაუბრებთ.
მასტერკლასებში შარშან დიდი ინტერესი იყო და მგონია, რომ წელსაც დიდი იქნება სტუმრების ინტერესი, რადგან ახალი ელემენტები გვაქვს დამატებული, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება”,- განაცხადა თეონა თოხაძემ.
სომელიე საბა ქიტიაშვილის თქმით, მოლოდინები და განწყობა მაღალია და ფიქრობს, რომ კარგი მომენტებით დატვირთული დღე იქნება.
„გვაქვს გეგმა, რომ გამოვავლინოთ საუკეთესო ღვინოები 4 ნომინაციაში. პირველ ეტაპზე გადავსინჯავთ ღვინოებს, შემდეგ ალბათ მეორე გადასინჯვაც დაგვჭირდება, რომ შერჩეული ღვინოებიდან გადარჩევა გავაკეთოთ და შემდეგ გამოვავლენთ საუკეთესო ღვინოებს.
თბილისის შუაგულში ვართ, კარგი ამინდია, არ წვიმს ამიტომ მოლოდინი დიდია, მგონია, რომ ბევრი გართობა და კარგი მომენტებით დატვირთული დღე გვექნება”,- განაცხადა საბა ქიტიაშვილმა.
ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიას სერტიფიკატი გადაეცემა.
მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ღვინის ნაყინი და შოკოლადი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნაყინის როლები დააგემოვნონ, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინის არომატით – საფერავის ნაყინი ბროწეულისა და მოცვის კომბინაციით, ხოლო თეთრი – ტვიშის ნაყინი კრემყველის დანამატით.
რაც შეეხება ღვინის შოკოლადს, დამზადებულია თეთრი და წითელი ღვინის ბაზაზე, ხელნაკეთი და ნატურალურია.
ფესტივალზე ქართული თემატიკით დატვირთული პროგრამაა: მუსიკალური გაფორმება, სომელიეების მასტერკლასი, გათამაშებები, დრამების შოუ, ქსოვრელები, სხვადასხვა პროდუქტის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და უამრავი სხვა აქტივობა.
ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება ყველა ღვინის მოყვარულისთვის თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ