თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის – „ყოფილი საჯარო მოხელეები მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია იმართება

თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის – „ყოფილი საჯარო მოხელეები მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია იმართება.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ყოფილი საჯარო მოხელეები აფუძნებენ აზრის თავისუფლების ფონდს (Safe Voices Fund), რომლის მიზანია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იმ პირების მხარდაჭერა, ვინც კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების, დისკრიმინაციული მოპყრობის ან სხვაგვარი შევიწროების რისკის ქვეშ აღმოჩნდა.
საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის ფარგლებში, აზრის თავისუფლების ფონდი, ინიციატივაში გაერთიანებულ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის შემდეგი მიმართულებებით იმუშავებს: დახმარება დასაქმებაში: სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი სამსახურის მოძიების ხელშეწყობა; საწყისი ფინანსური მხარდაჭერა: გარდამავალ პერიოდში საჭირო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა; შუამდგომლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან: საკრედიტო ვალდებულებების შესამსუბუქებლად; სადაზღვევო მხარდაჭერა: ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნებაში დახმარება; პროფესიული გადამზადება: ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება; სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია და წარმომადგენლობა; ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა: ფსიქოლოგიური დახმარება და ემოციური მხარდაჭერა.
როგორც HR სფეროს წარმომადგენელმა ანი გაგუამ განაცხადა, ეს ინიციატივა უნდა გახდეს ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ერთ მხარეს გააერთიანებს ყოფილ საჯარო მოხელეებს თავიანთი გამოცდილებით.
„ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანია მისი უნივერსალურობა. ეს ინიციატივა გვინდა გახდეს, ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ერთ მხარეს გააერთიანებს ყოფილ საჯარო მოხელეებს თავისი გამოცდილებით. ასევე გააერთიანებს ბიზნესს, როგორც ერთ-ერთ მძლავრ აქტორს შრომის ბაზარზე და ბიზნესის მხარდაჭერას იმ საჯარო მოხეელებისთვის, ვინც ახლა წნეხს განიცდიან თავის სამსახურში. შესაძლოა, მათ კერძო შრომის ბაზარზე დასჭირდეთ გადანაცვლება. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დროებით და არა მუდმივად”, – განაცხადა ანი გაგუამ.
ფონდის მთავარი შემომწირველები არიან ყოფილი საჯარო მოხელეები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ფონდს უკვე ჰყავს 50 მდე წევრი.
გარდა ამისა, ფონდი თანამშრომლობს თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებთან, იურიდიულ კომპანიებთან, ტრენინგ ცენტრებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. დამატებითი რესურსების მოზიდვისა და მხარდაჭერის პროგრამების გაფართოვების მიზნით.
ფონდი მხარდაჭერის მსურველებს დაკავშირების შემდეგ გზებს სთავაზობს:
Email: [email protected]
ტელეფონი: +995 577 112 626