თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი კვადრატულზე 9.9 დოლარამდე შემცირდა

2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში. Galt&Taggart-ი ელის, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი სტაბილიზაცია.
2024 წლის თებერვალში თბილისში 258.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%- იანი წლიური ზრდაა. ამ ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი პირველადი ბაზარი იყო (+22.8% წ/წ), რისი მიზეზიც გაზრდილი ტრანზაქციებისა და ფასების კომბინაციაა.
გარდა ამისა, 2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ2 -ს შეადგენს (+5.3% წ/წ). ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს.