11-12 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,ტელეგრაფში”, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის – ICAO-ს რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
„ICAO-ს სამუშო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის აერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
ვორქშოფს იკაოს წევრი ქვეყნების ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების, აეროპორტების ოპერატორებისა და ინდუსტრიის 35-მდე წარმომადგენელი ესწრება.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG), ლევან კარანაძემ მიმართეს.
ხაზი გაესვა, რომ საერთაშორისო ფორმატის ვორქშოფის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე.
ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება.
შეფასების ახალი სისტემა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის ეფექტურად გამოყენებისა და დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის.
ვორქშოფის მონაწილეები ეცნობიან სისტემის ძირეულ პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს, ცვლიან გამოცდილებას, განიხილავენ რეგულირებისა და ოპერირების საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს აეროპორტების უსაფრთხოებაზე და ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვაზე.
ღონისძიებაში ქართული მხრიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქაერონავიგაციის და TAV Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებიან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




