თბილისში სასტუმროებში განთავსების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა – “Inn ჯგუფი”

თბილისში ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირებულია, რაც სასტუმროების ბაზარზე ფასების კლებით აისახა, – ამის შესახებ „Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ BM.GE-ს უთხრა.
მისი თქმით, დედაქალაქში ყველაზე აქტიური ტურისტული სეგმენტი არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები არიან. ამასთან ერთად, გაიზარდა ჩინელი ტურისტების რიცხვიც, ხოლო ინდოეთიდან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ტურისტულ ნაკადში. ევროპელი ვიზიტორებიდან კი კვლავ პოლონეთი ლიდერობს.
„თბილისში დატვირთვა დაახლოებით 70-დან 80%-მდე მერყეობს, მაშინ როცა წინა წლების განმავლობაში 80-90%-ს აღწევდა. სასტუმროების დაკავებულობა ასე თუ ისე შენარჩუნებულია, თუმცა ფასი დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული. ეს უმეტესად განპირობებულია იმით, რომ ტურისტების რაოდენობა არასაკმარისია და სასტუმროები ფასდაკლებებით ცდილობენ კონკურენციას“, – აღნიშნა კოკაიამ.
მისივე თქმით, ფასების კლება ძირითადად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში შეინიშნება, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია.