თბილისის გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ორი ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი მსვლელობას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მართავს, მეორე კი – მარჯანიშვილის მოედნიდან.
ოპოზიციის ლიდერები დაზუსტებით არ ამბობენ, რა არის დღევანდელი აქციის საბოლოო ლოკაცია და სამოქმედო გეგმა.
როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ფორმულასთან თქვა, არჩევნების საკითხზე პარალელურად ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ და ერთ-ერთი საერთაშორისო დონეზე მუშაობას გულისხმობს.
“დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ არ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო წნეხის ფონზე ხელისუფლების უზურპაციის გაგრძელება, მოუწევს აუცილებლად დათმობაზე წასვლა. არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია”, – თქვა ბოკუჩავამ მსვლელობის დროს.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ საპროტესტო აქციაზე დგომა თითოეული მოქალაქის ვალია.
“ჩვენი მიზანი არის საქართველოში სამართლიანი არჩევნების მიღწევა. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალი სამშობლოს წინაშე. ჩვენ ამ ხელისფულებას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოპარული სპეც.ოპერაციით ჩატარებული არჩევნებით ქვეყანა გადაუფორმოს რუსეთს. მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ”, – თქვა ხაზარაძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გეგმა შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ მრავალათასიანი მიტინგებია.
“იქნება მსვლელობაც, პიკეტირებაც. [..] როცა გართმევენ თავისუფლებას, მისთვის უნდა იბრძოლო. როცა დემოკრატიას კლავს სახელმწიფო, ის აუცილებლად იბადება, ოღონდ ქუჩაში იბადება. ეს არის ისტორიული გამოცდილება. ქუჩაში დემოკრატიას დავიბრუნებთ”, – თქვა მედიასთან გვარამიამ.