თბილისში რიგით მეორე HR ფორუმი გაიმართება

„როგორ ვაქციოთ HR გამოწვევები შესაძლებლობებად, ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვა, შრომის უსაფრთხოების განვითარების ტენდენციები, შრომითი უფლებები და მათი დაცვის სტანდარტები – ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც რიგით მეორე HR ფორუმზე მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ. ღონისძიებაში მონაწილე მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მენეჯერები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის,”საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” თავმჯდომარის, სამართლის დოქტორის, ნინო ლიპარტიას თქმით, ღონისძიების ნაწილი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, იმსჯელონ პრობლემური საკითხების შესახებ, დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი.
„ეს არ არის სალექციო ფორმატი, ეს არის ფორუმის ფორმატი, სადაც დიდი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას. თემის ექსპერტები მნიშვნელოვან საკითხებზე თავიანთ პრაქტიკულ მხარეს გაგვიზიარებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, ეიჩარ პრაქტიკოსები, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმადგენლები, ასევე ბიზნეს მენეჯერები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი პასუხი.
ეს არის რიგით მეორე ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე მნიშვნელოვან შრომით სამართლებრივ და არა მარტო სამართლებრივ საკითხებზე საუბარს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს დაგვემატა ახალი სპიკერი – ქალბატონი მაია მიქაია, რომელიც არის შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე და რომელიც ისაუბრებს საქართველოში შრომითი უსაფრთხოების განვითარების ტენდენციებზე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შარშან გამართულმა ფორუმმა ძალიან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის და შესაბამისად, მივიღეთ ძალიან დადებითი უკუკავშირი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიება წელსაც ჩაგვეტარებინა. მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მომავალში ეიჩარ ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, სადაც საზოგადოების წინაშე ახალი თემებით და საინტერესო დისკუსიებით წარვდგებით.” – აღნიშნა ნინო ლიპარტიამ.
ღონისძიება “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”, „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის”, „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის” და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” ორგანიზებით იმართება.
სპიკერებს შორის ვიხილავთ:
· უნივერსიტეტი ალტერბრიჯის ვიცე-რექტორს, მარიამ დარბაიძეს
· პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელს /ტრენერს, ნინო ბარბაქაძეს
· შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეს – მაია მიქაიას
· კომპანია „ამბოლის” ადამანური რესურესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარიამ ჩოქურს
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, თამარ ხაჟომიას
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეს, ხატია არდაზიშვილს
· „ენერგო პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ტრაპაიძეს
HR ფორუმი – „ადამიანური რესურების მნიშვნელობა და შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი” 2023 წლის 9 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე გაიმართება.