თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ იანვარში 1,4 მლნ ლარი შეადგინა

თბილისში პარკირებაზე მიმდინარე წლის იანვარში 1,4 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1,416 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,004 მლნ ლარი.
გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 17,982 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში – 17,108 მლნ ლარი.
თბილისში გასულ წელს 2022 წელთან შედარებით, ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 19 024 257 ლარი შეადგინა. 2022 წელს – 5 მლნ ლარი იყო.
ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია კოდექსში.