სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე თბილისში დააკავა 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დააკავა.
გამოძიების ვერსიით, „თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მას მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა”.
როგორც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მოკლე დროში ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. გამომძიებელმა გაჩხრიკა მხილებული ნიგერიის მოქალაქე და თბილისში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი. „რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, რის შემდეგაც დაკავებულ იქნა ბრალდებული”, – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ნიგერიის მოქალაქეს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარუდგინეს. მას საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.