თბილისში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქცია გრძელდება

თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერთან, საიდანაც დღეს 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა, აქცია გრძელდება.
აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები.
პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა კიდეც, თუმცა დაკავებულთა რაოდენობაზე „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ დრომდე არ აწვდის [14:00]. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტებიც, გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე.
ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
კეკელიძის N1-ში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და ბინის დათმობას არ აპირებენ.
ხვალ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს – ზანდუკელის ქუჩაზეც.

ასევე დაგაინტერესებთ