„თბილისში ინტერნეტის მაღალ ფასს კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს“ – უჩა სეთური

„მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ტარიფებსა და კომუნიკაციების ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისში ინტერნეტის მაღალ ტარიფებს კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს, რაც მთავარი გამოწვევაა.
„როდესაც საუბარია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საფასურის სიძვირეზე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, იგულისხმება იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული მომსახურება და არა ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტზე. საქართველოში ამ მიმართულებით გამოწვევა არის ის, რომ კონკურენციის ნაკლებობაა.
მაგალითად თბილისში სულ რამდენიმე კომპანიაა, უკეთეს შემთხვევაში 4 ალტერნატივა. ეს განაპირობებს იმას, რომ არ არის დიდი არჩევანი და შენარჩუნებულია მაღალი ფასები. რაც შეეხება არპუ-ს, ფიზიკური პირებისთვის 22 ლარია და იურიდიული პირებისთვის 100 თუ 120 ლარი. ეს სხვაობა ძალიან დიდია, მაშინ როცა მიწოდებულ მომსახურების ხარისხებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნა უჩა სეთურმა.
მისი თქმით, კომუნიკაციების ბიზნესში ინვესტიციები აქტიურად ხორციელდება, რისი მაგალითიცაა „ოუფენ ნეტის“ პროექტი, რომელიც ინტერნეტპროვაიდერებს საბითუმო ინტერნეტს საკმაოდ კარგი პირობებით სთავაზობს.
„ინვესტიციები საკმაოდ აქტიურად ხორციელდება და ამ კუთხით პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ „ოუფენ ნეტის“ პროექტი. აქტიურად მიმდინარეობს ოპტიკური შეერთებები, რაც პრობლემა იყო რეგიონებში. დასრულებულია გურია, იმერეთის ნაწილი, რაჭა-ლეჩხუმი. პრობლემურია ზემო სვანეთი და მაღალმთიანი აჭარა, თუმცა ესენიც წელს დასრულდება. ჩემი ინფორმაციით, ტენდერები გამოცხადებულია, კომპანიები შერჩეულია და პატარა ამბებიღაა დარჩენილი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეცვლის ეს პროცესი ბაზარზე ფასებს, უკვე გვყავს რამდენიმე ოპერატორი, რომელიც ჩართულია „ოუფენ ნეტში“ და ისინი სამჯერ უფრო იაფად იღებენ საბითუმო მომსახურებას“, – განაცხადა უჩა სეთურმა.
„დღეს მცირე და საშუალო ბიზნესსაც კი აქვს საშუალება, რომ არსებული სიჩქარეები რამდენჯერმე გაზარდონ, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ, ხარისხობრივად, თუ არ ჩავთვლით ოპტიკის გამოწვევას, აბსოლუტურად არ არსებობს იმის დაბრკოლება, რომ ეს სერვისები შეთავაზებული იყოს. ბიზნესი ამისთვის ნამდვილად მზადაა“, – აღნიშნა უჩა სეთურმა.
როგორც მან განაცხადა, იმ სიჩქარის ინტერნეტის ფასი, რომელიც რეგიონში შეიძლება 18-20 ლარი იყოს, თბილისში 50-60 ლარია, რადგან არ არსებობს იაფი ალტერნატივები. მისი პოზიციით, ეს არის დემპინგი, რომლის დაფინანსებაც, თბილისში კონკურენციის გაზრდის შემდეგ აღარ იქნება შესაძლებელი.
„მაღალი ფასი, გარკვეულწილად განპირობებულია რეგულაციებით, რომელიც კომუნიკაციების ბიზნესში მოქმედებს, მაგალითად გარე განათების ბოძების გამოყენების წესი, ბოლო მილთან დაშვების სტანდარტი და ა.შ.
მიმდინარე წელს ამოქმედდება ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონი, ასევე ტარიფების შესახებ კანონი, რომელიც ბაზარზე სხვა ინტერნეტპროვაიდერების შემოსვლის შესაძლებლობას გააჩენს, შესაბამისად, კონკურენცია გაიზრდება“, – აღნიშნა უჩა სეთურმა.
მან ასევე ისაუბრა „სტარლინკის“ ინტერნეტის საქართველოში მოქმედების შესახებ და განმარტა, რომ ეს სერვისი, როგორც უნიკალური, ყველაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, საყოველთაო მოხმარებისთვის იმდენად არ გამოიყენება, რამდენადაც ის ბიზნესების გარკვეული ჯგუფებისთვის არის საინტერესო.