სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, რეჟიმს ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეების საქმეებზე სისტემის დაყოლიება ძალიან უჭირს, რის გამოც შედარებით ახალბედა მოსამართლეები რეგიონებიდან თბილისში გადმოჰყავთ.
ამის შესახებ აქტივისტებმა საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა გამომძიებელმა, გორიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ გადმოსულმა მოსამართლე დავით მაკარიძემ, დღეს, დემონსტრანტებს ტროტუარის საქმეებზე 4-5 დღიანი პატიმრობები შეუფარდა.
რუსულ რეჟიმს უკვე რეგიონებიდან გადაჰყავს მოსამართლეები იმისთვის, რომ გაასამართლოს აქტივისტები იმის გამო, რომ ტროტუარზე დგანან. ტროტუარი ზოგადად არის იმისთვის, რომ ადამიანები იქ იდგნენ უსაფრთხოდ და რაც შეუძლიათ კანონის ფარგლებში ის გააკეთონ.
თბილისში ვეღარ მონახეს მოსამართლეები, რომლებიც ამ ყველაფერს თავის თავზე აიღებდნენ და ციხეში გაუშვებდნენ პროტესტანტებს, ადგნენ და რეგიონებიდან გადაჰყავთ მოსამართლეები, რომლებიც არაფრით, მაგალითად დავით მაკარიძე არაფრით არ გამოირჩეოდა აქაც, მივლინებით არის გადასული ახლა თბილისში და ასამართლებენ უდანაშაულო აქტივისტებს,” – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.




