დღეს საღამოს, 28 ოქტომბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, – იქ, სადაც მე-10 საჯარო სკოლის შენობა იყო, – სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გზა გადაკეტეს. ისინი სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.
გზის გადაკეტვა „ქართული ოცნების“ მიღებული ახალი კანონმდებლობით გამკაცრებულად ისჯება. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე პოლიციელი.
მეოთხე სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით.
აქციის მონაწილეთა თქმით, ამ პერიოდში ბავშვებს უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, ზოგს – მეორე ცვლაში ან ცვალებადი გრაფიკით სწავლა, რაც, აქციის მონაწილეების თქმით, განათლების ხარისხს აუარესებს.
„ორი წელია, მშენებლობა დაიწყო, ახლა ვიგებთ, რომ მშენებლობის უფლება ჯერ კიდევ არ არის გაცემლი“, – უთხრეს დემონსტრანტებმა რადიო თავისუფლებას.
„კედელი არ არის ამოყვანილი, როდის დაასრულებენ, დღესაც არ ვიცით, – როცა გარშემო მაღალი კორპუსები გაცილებით სწრაფად ააშენეს“, – გვითხრეს მათ.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მივიდა, დემონსტრანტებს უთხრა, რომ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ მშობლებთან, როგორც კი შენობაში გაჩნდა ბზარები, გამოიყვანეს ნაწილი, დღეს 22-ე და მე-10 სკოლაც გამოყვანილია ორივე ფლიგელიდან“, – ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან.
მისი თქმით, მათ 190-ე სკოლაში მეორე ცვლაში სთავაზობდნენ, თუმცა ამაზე მშობლება უარი თქვეს.
მშობლები ამბობენ იმასაც, რომ შვილების შორს მანძილზე წაყვანა უწევთ.
ისინი ამბობენ, რომ არ არიან თანახმანი დისტანციურ სწავლებაზე და არც სკოლის „გაყოფაზე“ – სხვადასხვა კლასების მოსწავლეების სხვადასხვა ადგილას გამწესებაზე.
ისინი არ არიან თანახმანი არც ონლაინ სწავლებაზე. „მოვითხოვთ დაჩქარდეს ფართის მოძიება და არა თიმსის იუზერების და პაროლების აღდგენა“, – აცხადებენ ისინი.
„მოვითხოვთ განათლების სამინისტრომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და სასწრაფო წესით მოიძიოს ალტერნატიული ფართი და არ გაგვისტუმროს მშოლები სიტყვებით – „მოიძიეთ და თუ იპოვით ფართს, გადაგიყვანთ“! ყველა ფართი, რომელიც აქამდე დაათვალიერეს სამინისტროს წარმომადგენლებმა ისედაც მოძიებული იყო მშობლების მიერ“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ მოთხოვნებში.
ფორუმი




