თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში – ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში;
რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს და მოძრაობა აიკრძალება იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე, აგვისტოში.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები ცხადია დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს – პირველ შემთხვევაზე, 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით.
მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს.
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხის დეტალები შესაბამის სექტორთან და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია წარუდგინოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.