თბილისში ბინის ქირა 4.8%-ით გაიაფდა — გალტ ენდ თაგარტი

საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ განახლებული მონაცემებით თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თითქმის 5 პროცენტით შემცირდა.
ორგანიზაციის მონაცემებით, თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა. „გალტ ენდ თაგარტში“ აღნიშნავენ, რომ ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში და ელიან, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი სტაბილიზაცია.

რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების გაყიდვის ბაზარს, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევით, თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში – ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე (-35.9% წ/წ).
რაც შეეხება ფასებს, „გალტ ენდ თაგარტი“ აცხადებს, რომ 2024 წლის თებერვალში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება), თვიური 0.8%-იანი და წლიური 16.5%-იანი, მაშინ როცა მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ფასები შემცირდა 4.1%-ით (2013 წლის შემდეგ აშენებულ ბინებზე) და 2.2%-ით (2013 წლამდე აშენებულები).
„2024 წლის თებერვალში თბილისში 258.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%- იანი წლიური ზრდაა. ამ ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი პირველადი ბაზარი იყო (+22.8% წ/წ), რისი მიზეზიც გაზრდილი ტრანზაქციებისა და ფასების კომბინაციაა,“ — ვკითხულობთ ანგარიშში.
უბნების მიხედვით ბინების ფასები თებერვალში ასე გამოიყურებოდა:
ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, 2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ2 -ს შეადგენს (+5.3% წ/წ). ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს.