თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა – TBC Capital-ის მიმოხილვა

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 19%-ით გაიზარდა და $264 მილიონი შეადგინა. თვის ჭრილში კი მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა. ამის შესახებ “ კაპიტალის” ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული. მაჩვენებელი თვის ჭრილში 2%-ით შემცირდა.
საშუალო გასაყიდი ფასი 1,269 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით გაიზარდა. თვის ჭრილში კი მატება 0.2%-ია.
გასაქირავებელმა ფასმა 10.4 $/კვ.მ შეადგინა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.
ბაზარზე პოტენციური მიწოდების კუთხით, 2025 წლის 6 თვეში სამშენებლო ნებართვა გაიცა 697 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
რაც შეეხება ახალი და ძველი ბინების გაყიდვებს, 2025 წლის ივნისში ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობამ 680 შეადგინა, წლიურ ჭრილში კი 10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობამ 2 556-ს მიაღწია, რაც წლიურად 12%-იანი ზრდაა. გასულ რამდენიმე თვესთან შედარებით, ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში გაიზარდა და 21%-ს გაუტოლდა.
50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინების წილი ჯამური გაყიდვებში 44%-ს შეადგენს და კვლავ უდიდესი წილის მქონე კატეგორიად ნარჩუნდება. რაც შეეხება 125- კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინებს, მათი წილი დაბალია და 4%–ს შეადგენს.
2025 წლის ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ჯამურ ტრანზაქციებში იმ ბინების წილი რომელთა ფასი კვ.მ-ზე აღემატება $900-ს. რაც შეეხება ბინებს 900 $/კვ.მ-ზე დაბალი ფასით, მათი წილი ჯამურ გაყიდვებში წლიურად 14 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 28%-ს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.