თბილისში ბაზრის ლიდერი „ნიკორა“, რეგიონში კი „დეილი ჯგუფია“ – კომპანიების რეიტინგი საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით

თბილისში ბაზრის ლიდერია „ნიკორა“ საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის 18.9%-იანი წილით, რეგიონში კი „დეილი ჯგუფია“ მიღებული შემოსავლის 39.6%-იანი წილით – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში „FMCG ბაზრის ტენდენციები საქართველოშია“ აღნიშნული.
ცნობისთვის, 2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით 9.2 მლრდ ლარამდე, ხოლო სხვა ფორმატები 1.9%-ით 13.5 მლრდ ლარამდე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 2023 წელს დაფიქსირებული 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა 2024 წელს. ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული.
2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500- მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა. რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები წლიურად 23.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 9.3%-ით, რის გამოც თბილისის წილი ჯამურ შემოსავლებში 57.8%-მდე შემცირდა 2024 წელს (58.9% იყო 2023 წელს).