თბილისში აქციები გრძელდება – 21 დეკემბერს 20-ზე მეტი მარში გაიმართა

რუსთაველის გამზირზე ისევ ხალხმრავლობაა – ავტომობილების სავალი გზა გადაკეტილია. მთავარ აქციას თანდათან უერთდებიან დღის განმავლობაში დაგეგმილი აქცია-მსვლელობების მონაწილეები. პროტესტის 24-ე დღეს, 21 დეკემბერს, თბილისში 20-ზე მეტი მარში იყო დაგეგმილი.
მეგრელები – თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ, სვანები – ფილარმონიასთან; ქართლელები – მზიურის პარკთან, იმერლები – მარჯანიშვილის მოედანზე; რაჭველები – ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ, ხოლო მესხების მარშმა – რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი. ქუთაისელები – რეზო გაბრიაძის თეატრთან შეხვდნენ ერთმანეთს, აჭარლები – ევროპის მოედანზე; არაგველების მარშის მონაწილეები ბუკიას ბაღში იყვნენ დაბარებული.
მსვლელობა მოაწყო ISET-მა, კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის კამპუსმა – ქუჩაში სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გამოვიდნენ. ცალკე იყო გაფიცული ლექტორებისა და სტუდენტების მარში. მათი მსვლელობის დროს აღმაშენებლის ხეივანი და თბილისის სხვა ქუჩები და გამზირები გადაიკეტა.
21 დეკემბრისთვის მარშები ცალ-ცალკე დაგეგმეს ტატუ-არტისტებმა, გეიმერებმა, მოცეკვავეებმა, უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მასწავლებლებმა, იოგის მოყვარულებმა და პროფესიონალებმა. მსვლელობა დაგეგმეს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი ს ჩატარება.
უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია – ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ფორუმი