თბილისში აქცია “შშმ ბავშვის ოცნება გავლაა! დამატებითი თერაპიები” გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილზე მათ მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “ნუ დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვის ხარჯზე!”, “შშმ ბავშვის ოცნება გავლაა! დამატებითი თერაპიები”, “ნუ გაგვარჩევთ თბილისსა და რეგიონში ბავშვებს!”, “ლაღი ბავშვობა ბავშვის უფლებაა! მშობლები ჩართეთ პროცესში”.
შშმ ბავშვთა მშობლები მთავრობის მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს მიღებულ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლითაც მათი თქმით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა.
ისინი ითხოვენ სარეაბილიტაციო პროგრამის ძველ გრაფიკზე დაბრუნებას, ასევე, სარეაბილიტაციო თერაპიების დამატებას, გარკვეული პროცედურების და ოპერაციების სრულ დაფინანსებას.
“300 მშობლის გაერთიანების მიზეზი ის იყო, რომ სამინისტრომ შეიმუშავა გრაფიკი, სარეაბილიტაციო პროგრამა შშმ ბავშვებისთვის, რომელიც ბავშვების და მათი მშობლების ინტერესებზე მორგებული არ არის. 300 მშობელი ითხოვს, რომ ეს გრაფიკი შეიცვალოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი შეგვხვდა და ის დაგვპირდა, რომ ამ გრაფიკს გავაუმჯობესებთ და უკეთესსაც შემოგთავაზებთო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვადა, ჩვენ აპრილამდე უნდა შევიდეთ ძველი გრაფიკით, (დაგვაბრუნონ ძველი გრაფიკით) რომელიც ბავშვების და მშობლების ინტერესებზე მორგებული იქნება. აპრილის თვეში ჩვენ თუ რაიმე ნორმატიული აქტი არ მოგვცეს, რომელშიც წერია, რომ შშმ ბავშვებისთვის უკვე შეიცვალა, დაგაბრუნებთ ძველ გრაფიკში, თუნდაც ახალში და უკეთესში, მაგრამ ეს აქტი მიღებული არ არის”, – განაცხადა შშმ ბავშვთა მშობლების წარმომადგენელმა, ნანა კინწურაშვილმა.
გარდა ამისა, აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა შშმ ბავშვებისთვის არსებულ სხვადასხვა გამოწვევებსა და პრობლემებზეც ისაუბრეს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის სირთულეებზე.