თბილისში გაიმართა საშობაო მსვლელობა, „ალილო“. ტრადიციულად, მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბნენ და ფეხით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრამდე.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის მონაწილეებთან მივიდნენ სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი. მათ “ალილოს” მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს.
„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი”, – თქვა თამარ ბაგრატიონმა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ამ დღეს გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც გადაანაწილებენ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. „ალილო“ შობის ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
ფორუმი




