თბილისსა და კახეთში “საერთაშორისო ღვინის მარკეტინგისა და მედიის ფორუმი 2025” ჩატარდება – როგორია მოთხოვნა?

25-29 ივნისს, “მადამ სომელიეს” ორგანიზებით, თბილისსა და კახეთში “საერთაშორისო ღვინის მარკეტინგისა და მედიის ფორუმი 2025” პირველად ჩატარდება. ღონისძიების დეტალებზე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინი ქინქლაძემ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც აერთიანებს ღვინის მარკეტერებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებს, დარგის სხვა პროფესიონალებსა და ექსპერტებს, ერთ-ერთი მიზანი კი გლობალური ღვინის მარკეტინგის აწმყოსა და მომავლის გაცნობაა.
„ღონისძიება აკადემიური ფორუმით გაიხსნება თბილისში, ხოლო შემდგომ დღეებში სტუმრებს კახეთში წავიყვანთ, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა პირადად გაეცნონ როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ღვინის მწარმოებლებს“, – აღნიშნა ნინი ქინქლაძემ.
მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას 10 საერთაშორისო სტუმარი და 5 სპიკერი მიიღებს, თუმცა ინტერესი გაცილებით მაღალია: “მართალია, მოთხოვნა ბევრად დიდია, ამ ეტაზე, მხოლოდ 10 სტუმრის და 5 სპიკერის ჩამოყვანას ვახერხებთ”, – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორმა.
მისივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ღვინის რეგიონებს, დაათვალიერებენ ადგილობრივ მარნებს და შექმნიან ორიგინალურ კონტენტს, რომელსაც თავიანთ სოციალურ პლატფორმებზე გაავრცელებენ.
როგორც ორგანიზატორი აცხადებს, სოციალური მედია თანამედროვე მარკეტინგში გადამწყვეტ როლს ასრულებს, სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ხდება ნიშური ინფლუენსერების და პროფესიონალების ჩამოყვანა. ის ასევე დასძენს, რომ ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წლებში სხვა ღვინის რეგიონებსაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოწვევით არ შემოიფარგლება – საერთაშორისო დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ სპეციალური პაკეტები და შემოუერთდნენ ღვინის უნიკალურ კულტურულ ექსპედიციას საქართველოში.