თბილისსა და ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ფიქსირდება

28 მაისიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.