თბილისსა და ბათუმში მაღალი ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახანგრძლივდა – HSC Group Hospitality (bm.ge)

მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორის გიორგი დოლიძის შეფასებით, თბილისსა და ბათუმში მაღალი ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახანგრძლივდა.
ამის შესახებ მან BMGTVის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის მთავარი თემა 2025 წლის სამი კვარტალის შედეგები იყო.
საქმე ის არის, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4,307,094 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +7.9%-ით მეტია.
HSC Group Hospitality-ის დირექტორის გიორგი დოლიძის განცხადებით, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში სასტუმროების სექტორმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. როგორც HSC Group Hospitality-ის დირექტორმა აღნიშნა, „დაბალ სეზონზე ანუ იანვრიდან აპრილამდე პერიოდში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 55-60%-ს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით მეტია“.
მისივე დაკვირვებით, მთავარი გარდატეხა აპრილიდან დაიწყო, როცა „სასტუმროების დატვირთულობამ 92%-ს მიაღიწა და ეს მაჩვენებელი დღემდე შენარჩუნებულია.“
„შესაბამისად, საშუალო სეზონის შედარებით უფრო დაბალი ფასებით ოპერირებას ობიექტებმა თავი დაანებეს და მაღალი სეზონის ფასებზე გადაეწყვნენ, რამაც თავის მხრივ, 2-3 თვის შემოსავლის ნამატი და მთლიანად წლის ჭრილში ზრდა გამოიწვია“, – განმარტა HSC Group Hospitality-ის დირექტორმა.
2025 წლის სამი კვარტალის შედეგებზე საუბრისას გიორგი დოლიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, საქართველო არის ძალიან საინტერესო და განვითარებადი ქვეყანა უშუალოდ ტურიზმის ჭრილში, სადაც ბაზარი ბუნებრივად არეგულირებს ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდებას.
„ტურიზმში შესამჩნევად იზრდება კონკურენცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ხდება უფრო საინტერესო და განვითარებადი ტურისტული მიმართულება. ამ წლის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, იყო ისეთი კარგი და ნათელი პერიოდები მაღალ სეზონზე, როდესაც მოთხოვნა აჭარბებდა მიწოდებას და საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების მენეჯმენტი ხშირად ვცდილობდით, რომ იმ ტურისტებს, რომლებსაც ვერ ვათავსებდით ჩვენთან, სხვასთან გაგვეშვა“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.
რაც შეეხება ტურისტების გეოგრაფიას, გიორგი დოლიძე HSC Group Hospitality-ის სტუმრების მაგალითზე ამბობს, რომ -ხუთეულში კვლავ და ლიდერობენ. მათ მოსდევენ მეზობელი ქვეყნები და ასევე, ბოლო წლებში საშუალო და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა იზრდება გალფის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.
„თბილისის სასტუმროების დატვირთულობის, დაახლოებით, 80%-ის ფორმირებაში 60% მოდის ისრაელსა და გალფის ქვეყნებზე. განსაკუთრებულად შესამჩნევია აზიური ბაზრების გააქტიურება – ჩინეთიდან და ინდოეთიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება ახალი ფრენების დანერგვას“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ევროპის ბაზრიდან ტურისტების ტენდენციას, გიორგი დოლიძე იმედოვნებს, რომ პირდაპირი ავიარეისების ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვაზე დადებითად აისახება.
„ევროპიდან მოსული ტურისტი, როგორც წესი, უფრო მაღალი მხარჯველუნარიანია და რაც ხარისხიანია, ის რთულად მოსაპოვებელია“, – დასძინა მან.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ