თბილისსა და ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდა. მხოლოდ დედაქალაქში წლის პირველ 5 თვეში რეალიზებული უძრავი ქონებიდან 23% უცხოელებმა იყიდეს. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ბათუმის შემთხვევაში, სადაც უცხოელები უძრავ ქონებას ძირითადად საინვესტიციოდ იძენენ. ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებულია ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ინტერესი.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ისრაელიდან გაზრდილ ინტერესს, მათ შორის რეგიონში არსებულ კონფლიქტს და კაპიტალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანით ხსნის. როგორც ნატო ბოჭორიშვილი აცხადებს, ისრაელელები უფრო მეტად საინვესტიციო ქონების შეძენით არიან დაინტერესებული და ძირითადად დეველოპერებთან თანამშრომლობენ. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მხრიდანაც წინა წლებში უფრო მეტად იყო გამოხატული ინტერესი, ტენდენცია ახლა შეცვლილია და ისინი არა თუ ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში, პირიქით ყიდიან.
„როგორც თბილისის, ისე აჭარის რეგიონის უძრავი ქონების ჭრილში ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა. ისრაელიდან გვაქვს საკმაოდ ბევრი ზარი, საბროკერო კომპანიებიდან კავშირები, რომლებიც ცდილობენ მოიძიონ უძრავი ქონება.
თუ შევადარებთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ უძრავი ქონება შეიძინონ დასრულებულ, ნაკლებად რისკიან პროექტებში, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან უფრო მეტად დეველოპერებთან თანამშრომლობაა გამოხატული, მათთვის საინტერესოა ის უძრავი ქონება, რომელსაც პოტენციალი აქვს ფასის კუთხით გაიზარდოს. როგორც იცით დეველოპერები გარკვეული სქემით ფინანსური მოდელის მიხედვით აძვირებენ ხოლმე უძრავ ქონებას, სწორედ მსგავსი ტიპის ქონებაა მათთვის საინტერესო.
ძირითადად ეს არის საინვესტიციო ტიპის ქონება, ანუ უფრო პატარა ქონება და არა დიდი საცხოვრებელი სახლები. ვთვლი, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება ივლისის და აგვისტოს თვეში.
მათი აქტიურობა ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესთანაც არის დაკავშირებული, რადგან კონფლიქტი რეგიონში გავლენას ახდენს ინვესტიციებზე, ვინაიდან მოსახლეობა ცდილობს დანაზოგი განათავსოს ქვეყნის გარეთ და საქართველო მათთვის ერთ-ერთი საინტერესო საინვესტიციო ქვეყანაა.
ამასთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან რაიმე ცვლილება არ შეინიშნება. უფრო მეტად ხდება მათი მხრიდან უძრავი ქონების რეალიზაცია და ქირის ნაწილშიც სტაბილურობა შეინიშნება. ამ კუთხით არ ველოდებით დიდ ცვლილებას, რადგან უკვე დიდი დრო გავიდა მიგრანტების ეფექტის შემდეგ და სტაბილურობა შეინიშნება“, – აცხადებს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, Galt&Tagart-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში მხოლოდ დედაქალაქში 3 179 ბინა გაიყიდა, რომლის 23% უცხოელებმა იყიდეს. მათაგან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი – 11% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის, წინა წლის მსგავსად ბინების 2% რუსეთის, 10% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს.
