„„თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული“
„თუ ადრე დღიურად ცენტრალს 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს რიცხვი 15-20%-ით არის შემცირებული,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, სავაჭრო ცენტრში კლებაა გაყიდვების მხრივაც.
„წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა დაახლოებით 20%-ით იკლო. თუ პირველი კვარტალი მეტ-ნაკლებად დაბალ სეზონად მიიჩნევა, უკვე მესამე კვარტალს ვუახლოვდებით და უნდა იგრძნობოდეს, რომ ბაზარი სტაბილურად ვითარდება. ამ ჭრილში რასაც ვხედავთ, იმ მსხვილ ქსელებში, რომლებიც ჩვენთან არის წარმოდგენილი ტექნიკის მაღაზიების სახით, კლება სტატუს შენარჩუნებულია და ეს ტრენდი გრძელდება.
მიზეზი შესაძლოა, ბევრი იყოს: არასტაბილურობა, მოსახლეობის განწყობა, მომხმარებლის ქცევის ცვლილება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნაკლებს ხარჯავს და ფოკუსი გადატანილი აქვს პირველადი მოხმარების ნივთების შეძენაზე. ეს ყველაფერი არის იმ ზოგადი ფონის გამოძახილი, რაც ქვეყანაში ხდება.
რაც შეეხება მომხმარებლის განწყობებს, არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რითიც იზომება და ესენია: ხალხის ნაკადი სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში; საშუალო ჩეკის მოცულობა ამა თუ იმ ობიექტში; ობიექტზე შესული ადამიანებიდან რამდენი ყიდულობს რეალურად სხვადასხვა ნივთს.
დღეის მდგომარეობით, ყველა ამ პარამეტრში გვაქვს კლება. „თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული,“ – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
