ბოლო პერიოდში დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი, თბილისში მცხოვრებლებისთვის დიდ სირთულედ იქცა და ამ საკითხზე წუხილს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ. სოციალურ პლატფორმებზე საჯარო პოსტები იწერება ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდანაც.
დღეს დედაქალაქში ურბანული კატასტროფის და სატრანსპორტო კოლაფსის შესახებ პოსტს კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი, პროფესიით ეკონომისტი, თამაზ დაუშვილი აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ „ასე თუ გაგრძელდა, უახლოეს ხანში იგი საცხოვრებლად უვარგის ქალაქად იქცევა“:
„თბილისი ურბანული კატასტროფის და სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დგას. ასე თუ გაგრძელდა უახლოეს ხანში იგი საცხოვრებლად უვარგის ქალაქად იქცევა. ამ ყველაფრის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გახლავთ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა ნორმებისა და სტანდარტების უგულებელყოფით გაცემული ნებართვების შედეგად განხორციელებული მშენებლობები.
მეგობრებო, ყოფილო თუ ახლანდელო ქალაქის თავებო, საკრებულოს წევრებო, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელებო (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება), იქნებ დღეს საღამოს სახლში რომ მიხვალთ, ჩაიხედოთ ღრმად გულში და გააანალიზოთ, თუ რა დღეში ჩააგდეთ ეს ქალაქი. რას ეუბნებით თქვენს და ჩვენს შვილებს?! რა ქალაქს უტოვებთ მათ?! ქალაქს, რომლის არაბებისგან გამოხსნას დავით აღმაშენებელმა მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა, ამ საქმეს კი ათასობით ქართველი შეეწირა და ამ სისხლით მოტანილ შედეგს ჩვენ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, პრაქტიკულად ბოლოს ვუღებთ.
ამაში თითოეულ თბილისელს მიგვიძღვის პასიური როლი, რადგან ჩუმად ვუყურებთ ამ ყველაფერს. პატრიოტიზმი არ არის სადღეგრძელოს სმა და გულში მჯიღის ცემა. პატრიოტიზმი პირველ რიგში ქვეყნის საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვა გახლავთ. ხო ისე, არც ბიზნესის კეთებაა კაი ყმობა საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე. თუ ამას არ გავითავისებთ არაფერი გვეშველება“, – წერს ბიზნესმენი.
ის ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილ პირებს 5-ნაბიჯიან გეგმას სთავაზობს, რომელიც მათ შორის სხვა ქალაქების გააქტიურებას და ქვეყნის დეცენტრალიზაციის გეგმის შემუშავებას მოიცავს.
იმისთვის, რომ გადავარჩინოთ თბილისი განადგურებას, საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: 1) გამოცხადდეს მორატორიუმი კორპუსების და დიდი კომერციული შენობა-ნაგებობების მშენებლობებზე ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე 2) შეიქმნას ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც 1 წლის ვადაში შეიმუშავებს თბილისის განვითარების ახალ გენერალურ გეგმას 3) დასრულდეს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა (სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით ეს იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-ინ წლებში გაჩნდა) 4) ძველი რკინიგზის ადგილზე მოეწყოს გამჭოლი ცენტრალური მაგისტრალი 5) ამ მაგისტრალის მოწყობამდე შეჩერდეს ცენტრალური გამზირების და ქუჩების კაპიტალური რემონტი. როდესაც დამტკიცდება თბილისის გენერალური გეგმა (იგი ასევე უნდა მოიცავდეს საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას) უნდა შეიქმნას ქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ქსელების განვითარების დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკი და მხოლოდ მის მიხედვით უნდა განხორციელდეს საგზაო ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა.
პარალელურად უნდა შემუშავდეს ქვეყნის დეცენტრალიზაციის გეგმა. მხოლოდ თბილისი აღარ უნდა მიიჩნეოდეს საცხოვრებლად პრესტიჟულ ქალაქად და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრად. ქუთაისი, ფოთი, ანაკლია-ზუგდიდი, გორი, თელავი, რუსთავი, ახალციხე – ეს ის ქალაქებია, რომელთაც აქვთ სრული პოტენციალი მოკლე დროში გადაიქცნენ ნამდვილ ევროპულ ქალაქებად, სადაც ყველა ის სიკეთე იქნება რაც თბილისშია და შეიძლება გაცილებით უფრო კომფორტული გახდეს ამ ქალაქებში ცხოვრება ვიდრე თბილისსა თუ ბათუმში“, – წერს დაუშვილი და დასძენს: „ვეცადე, მოკლედ გადმომეცა ჩემი გულისტკივილი და ხედვა. აბა ბედნიერი, საცობებისგან თავისუფალი დღე მინდა გისურვოთ ყველას და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი“.