26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც “პოლიტიკური [არასტაბილურობა] თუ საომარი ვითარებაა”.
ამის მიუხედავად, უბანი გაიხსნება ისრაელში, ქალაქ რამათ-განიში. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა პრინციპით იხელმძღვანელა სამინისტრომ, როცა უკრაინაში უბნის გახსნაზე უარი თქვა, ასევე ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელში კი უბნის გახსნა გადაწყვიტა.
“ისრაელში ესკალაციის მიუხედავად, ამჟამად არსებული ვითარება იძლევა შესაძლებლობას ჩატარდეს არჩევნები, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული ტექნიკურ-ლოჯისტიკური საკითხები, რაც ასევე დაგვიდასტურა ისრაელის მხარემ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების დღეს ქვეყანაში უსაფრთხოების დონე შეიცვალა, ისრაელის მხარესთან კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – მისწერეს “ნეტგაზეთს” საგარეო უწყებიდან.
მაგალითად მოლდოვა, რომელსაც ოქტომბერში ასევე მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უწევს, ისრაელშიც აპირებს საარჩევნო უბნების გახსნას და უკრაინაშიც.
უკრაინაში, კიევში ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო. ასევე საკონსულო ოდესაში. როგორც საელჩომ, ისე საკონსულოებმა მუშაობა განაგრძო 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც. ამ ფაქტს, როგორც უკრაინის მხარდაჭერის გამოხატულებას, ხშირად უსვამდა ხაზს საქართველოს ხელისუფლება.
2023 წელს, საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. იქამდე, ის პრეზიდენტ ზელენსკის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო პროტესტი გამოუცხადეს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს პატიმარი სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში გადაეყვანათ, ელჩს კი შესთავაზეს დაბრუნებულიყო თბილისში კონსულტაციებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთებას გამოხატა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. თუმცა, განაცხადეს, რომ თავს შეიკავებდნენ საპასუხო ქმედებისგან.
საზღვარგარეთ, ისრაელის გარდა, უბნები გაიხსნება კიდევ 41 ქვეყანაში. ჯამში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოეწყობა 60 საარჩევნო უბანი. ამ უბნების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ცნობილია, უცხოეთის რომელ ქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები – სია