თბილისი, სტამბოლის, ერევნის და ბაქოს შემდეგ, რუსებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული ქალაქია

თბილისი რუსებს შორის პირველ კვარტალში ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებების ტოპ-ხუთეულში მეოთხე ადგილზეა.
ამის შესახებ ფინანსურ მარკეტპლეის „სრავნისა“ და მატარებლისა და ავიაბილეთების შეძენის სერვის „კუპიბილეტის“ კვლევის შედეგებში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
გამოკითხვაში ს ყველა რეგიონიდან 18 წელზე უფროსი ასაკის 1500-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისის მიმართულებით ბილეთის საშუალო ფასი 13.1 ათასი რუბლს (162 დოლარს) შეადგენს.
პირველ ადგილზე სტამბოლია, სადაც მგზავრობაზე ბილეთის საშუალო ღირებულება 18.3 ათასი რუბლს (226 დოლარს) შეადგენს. სტამბოლი რუსებისთვის ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულება 2024 წელსაც იყო.
მეორე ადგილზე ერევანი (172 დოლარი), ხოლო მესამეზე ბაქოა (174 დოლარი). ხუთეულს დუბაი ხურავს (305 დოლარი).
დასასვენებელი ადგილის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად რუსი რესპონდენტების 38%-მა ფასი დაასახელა. ბუნების სილამაზე 21%-ს იზიდავს. უსაფრთხოება 16%-ისთვის, ხოლო ინფრასტრუქტურისა და გართობის ხელმისაწვდომობა 14%-ისთვის არის მნიშვნელოვანი. 11%-ისთვის მთავარი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების არსებობაა.
რუსების 32% აცხადებს, რომ მოგზაურობაში ერთ ადამიანზე, საშუალოდ, 50 ათას რუბლზე (617 დოლარზე) მეტს ხარჯავს. 31% – 10 ათას რუბლს (124 დოლარს) ხარჯავს. 19%-ს მოგზაურობა კაცზე 10 ათასიდან 30 ათას რუბლამდე (124-დან 371 დოლარამდე), ხოლო 18%-ს 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე (371-დან 617 დოლარამდე) უჯდება.
კვლევის თანახმად, რუსებს შორის ყველაზე პოპულარული საპლაჟო დასვენებაა, რასაც გამოკითხულთა 38% ირჩევს. 25% სანატორიუმებში ან სპა-ცენტრებში გაჯანსაღების პროგრამებს ანიჭებს უპირატესობას. 24% ექსკურსიულ ან კულტურულ ტურიზმს, ხოლო 13% აქტიურ დასვენებას ირჩევს.
გამოკითხულთა უმრავლესობა, ანუ 81% ოჯახთან ერთად, 12% მეგობრებთან ერთად, 6% მარტო, ხოლო 1% ტურისტული ჯგუფების შემადგენლობაში მოგზაურობს.
რუსების, თითქმის, ნახევარი, ანუ 49% საერთოდ არ მოგზაურობს. 28% წელიწადში ერთხელ, ხოლო 17% წელიწადში ორჯერ ან სამჯერ მოგზაურობს.
www.bpn.ge