3×3 საკალათბურთო გუნდი “თბილისი”, რომელმაც 4 ივნისს, ლისის ტბაზე გამართული Tbilisi Challange მოიგო, საფრანგეთში მიემგზავრება. სწორედ აღნიშნული ტურნირის მთავარი პრიზი იყო ევროპული ჩელენჯერი საგზური, რომელსაც საფრანგეთის ისტორიული ქალაქი ორლეანი უმასპინძლებს. ქართული გუნდის ღირსებას ლუკა ზაქრაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი და ანზორ ნადირაძე დაიცავენ.
Tbilisi Challange-ის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის ფედერაცია და მისი ხელმძღვანელი, ვახტანგ ნაცვლიშვილია, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ორლეანის ტურნირიც თავის მხრივ ჩელენჯერია, რომლის 2 საუკეთესო გუნდიც რანგით უმაღლეს – შენჟენის მასტერსში მონაწილეობის უფლებას მიიღებს. ჩინური მასტერსის საგზურის მოსაპოვებლად ორლეანში 16 გუნდი იბრძოლებს, საიდანაც რეიტინგით 10 ლიდერი ორლეანური ტურნირის ჯგუფურ ეტაპზეა, ხოლო დანარჩენი 6 გუნდი, მათ შორის “თბილისი”, საკვალიფიკაციოდან ეცდება ძირითად ბადეში გადასვლას.
საკვალიფიკაციოში 2 საგზური თამაშდება და მისი მონაწილე 6 გუნდი ორად არის გაყოფილი. “თბილისის” მეტოქეები ფრანგული “ელანკორტი” და რუმინული “ბუქარესტი” იქნებიან. ამ სამიდან საუკეთესო გადაინაცვლებს ორლეან ჩელენჯის D ჯგუფში, სადაც პუერტო რიკოს “კაროლაინა” და ბახრეინული “რიფა” არიან.
“თბილისი” პირველ მატჩს “ბუქარესტთან”, ხოლო მეორეს ‘ელანკორტთან” 11 ივლისს, დღის პირველ ნახევარში ჩაატარებს. წარმატების შემთხვევაში, ქართული გუნდი ორლეან ჩელენჯის D ჯგუფის მატჩებს 11 ივლისს, საღამოს გამართავს.
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
[VIDEO] დარბაზი დაინგრა – საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
