თბილისი საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მასპინძლობს

გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo -2023 გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ქაზიმ ქართალმა გახსნეს.
კახა კაკაბაძის განცხადებით, ყოველწლიურად, გამოფენა სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს.
„აღნიშნული გამოფენა 21 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებაა და წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მწარმოებლებისთვის საქმიანი კონტაქტების დამყარების და სამიზნე აუდიტორიისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობისთვის. ყოველწლიურად, გამოფენა სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს. გამოფენის მუდმივი მხარდამჭერი და პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი ღონისძიების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე ეხმარება ჩვენ მეწარმეებსა და ფერმერებს, გაზარდონ წარმოება და საექსპორტო შესაძლებლობები“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, გამოფენაში Agro/Food/Drink/Tech/Expo 8 ქვეყნის (საქართველო, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, , ინდოეთი, ჩინეთი, ბელარუსი) 70 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა. გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.
„გამოფენაზე დასწრება ვიზიტორებს 17-19 ნოემბერს, 11:00-18:00 სთ-მდე შეეძლებათ. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მე-11 პავილიონსა და მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება.
გამოფენის პარალელურად, „ექსპოჯორჯია“ სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს. ჩატარდა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გეგმები და შესაძლებლობები“. ამასთან, 17-18 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, იმართება „აგრობაზარი“, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული ავთენტური პროდუქცია (რძის ნაწარმი, ლორი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ