თბილისი-რუსთავის მაგისტრალი ფონიჭალას აღარ გაივლის – რა ცვლილებები შევიდა პროექტში?

თბილისი-რუსთავის მაგისტრალი ს აღარ გაივლის – რა ცვლილებები შევიდა პროექტში?
თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მოდერნიზების პროექტში ცვლილებები შედის – აღნიშნულის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად ანგარიშის თანახმად, საპროექტო გზა ფონიჭალას აღარ გაივლის. ხიდით გადავა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგაც კვლავ სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს მდინარე მტკვარს და დაბრუნდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
შერჩეული ალტერნატივის ფარგლებში პროექტით გათვალისწინებულია ჯამში 7 ხიდის მოწყობა, მათგან 2 მდინარე მტკვრის კვეთაში ეწყობა. აღნიშნული ხიდების სიგრძე 378 მეტრია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საპროექტო გზის მონაკვეთი 3.65 კმ სიგრძის იქნება. საავტომობილო გზა იქნება 4-ზოლიანი, ხოლო საპროექტო სიჩქარე 80 კმ/სთ. საპროექტო მონაკვეთზე დაგეგმილია ორი ორდონიანი კვანძის მოწყობა:
· საპროექტო გზის კმ 6+610-სა და კმ 6+970-ს შორის;
· საპროექტო გზის კმ 8+280-სა და კმ 8+370-ს შორის;
ორივე ადგილას მთავარი გზა გაივლის ზემოდან.
კერძოდ, დოკუმენტების მიხედვით, ალტერნატიული გზა ფონიჭალასთან არსებული რკინიგზის ხიდის მახლობლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაიწყება და გადავა ე.წ ქვემო ფონიჭალის დასახლების აღმოსავლეთ მხარეს.
პირველი სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა მდ. მტკვრის კალაპოტს გადაკვეთს და კმ 5-340-დან მეორე სანაპიროზე გადავა. ამ მონაკვეთიდან კმ 7+030-მდე გზა მტკვრის მარცხენა სანაპიროს გაუყვება.
„კმ 5+400 -დან კმ 5+860 მონაკვეთში საპროექტო ტრასა განლაგებულია მდ. მტკვრის მარცხენა ტერასაზე. კმ 5+710-თან საპროექტო საავტომობილო გზა კვეთს მდ. მტკვრის მარცხენა გვერდითი შენაკადის ხევს, სადაც იგეგმება მეორე სახიდე გადასასვლელის მოწყობა.
მდინარის მარცხენა სანაპიროზე გარდაბნის გზატკეცილთან დამაკავშირებელი კვანძის (IC1) შემდებ, კმ 7+030-დან კმ 7+140-მდე მესამე სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა კვეთს მდინარე მტკვრის კალაპოტს, ამ მონაკვეთში მდინარე მტკვარი ორად იტოტება და შუაში წარმოქმნილია ე.წ „კუნძული“, – ვკითხულობთ დოკუმენტებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ კმ 7+140-დან ტრასის ბოლომდე საპროექტო გზა კვლავ მარჯვენა ნაპირზე გადმოვა.
„გადის საწარმოო, მცირე მონაკვეთზე – დასახლებულ ზონას. კმ 7+370-დან კმ 7+640-მდე საპროექტო ტრასა განლაგებულია საავტომობილო გზისთვის მოწყობილ ყრილზე“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.
დაბოლოს, თბილისი-რუსთავის გზის აღნიშნული მონაკვეთის ბოლოს მცირე ზომის ოვალური კვანძი მოეწყობა.
www.bpn.ge