“თბილისი მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს” – უმკაცრესი წერილები ბაქოდან და ბრალდებები “ოცნების” გუნდს

აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიაგამოცემა Minval.az საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში ადანაშაულებს და ბაქო-თბილისს შორის “კონფლიქტის დეტალებზე” წერს. სტატიის სათაურია: საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის.

 “გადაწყვეტილებათა ჯაჭვი მიანიშნებს, რომ საქართველოს რეგიონული პოლიტიკური ლოგიკა იცვლება” – წერია სტატიაში.,

გამოცემის ცნობით, 28 ნოემბერს, გაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მეცამეტე შეხვედრა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები შაჰინ მუსტაფაევი და მგერ გრიგორიანი ხელმძღვანელობდნენ.

განიხილებოდა ასევე აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა – პროექტი, რომელმაც ბაქოსა და ერევანს ეკონომიკური სარგებელი და მშვიდობიანი სივრცე უნდა მისცეს, ტრანზიტის ერთადერთი მარშრუტი საქართველოა.

გარდაბანი- სადახლოს მონაკვეთზე საქართველომ აზერბაიჯანს დაუდგინა 92 დოლარი.

“საქართველოს პასუხი ერთგვარ ინდიკატორია. არა მხოლოდ კომერციის მხრივ, არამედ პოლიტიკური. ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ტონაზე 92 დოლარის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე 0,82 დოლარს ნიშნავს.

შედარებისთვის: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კილომეტრზე, იალამიდან ბოიუკ-ქესიქამდე  17 დოლარად გადის, ანუ კილომეტრზე 0,02 დოლარად. ეს 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისის შეთავაზებული ტარიფი.”

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პასუხმა მკაფიო პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა ბაქოს და ეს ქცევა ბუნებრივად იწვევს უკმაყოფილებას. მეტიც, გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯით საქართველო ეწინააღმდეგება სტაბილური რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების არქიტექტურის ფორმირებას. იმ მომენტში, როცა სამხრეთ კავკასიას უნიკალური შანსი ეძლევა კონფლიქტიდან განვითარებაზე გადავიდეს, თბილისი ამის შეფერხებას ცდილობს.

გამოცემა იმაზეც წერს, რომ ბაქო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად დებდა საქართველოში ინვესტიციებს და უწყვეტად უჭერდა მხარს.

გამოცემა საუბრობს ისტორიულ მეხსიერებაზე და წერს:

“საქართველოსა და ს შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის იარაღად და არ დაუდგინა მას ზედმეტად მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და თითქოს ნებისმიერ პირობაზე დათანხმდებოდა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია – პარტნიორის, და არა სარგებელმაძიებლის გზა. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლოგიკური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას? “

გამოცემა აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ შესაძლოა ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფანია, ვაშინგტონში,  ამერიკის ჩართულობით, სომხეთ-აზერბაიჯანისა და აშშ-ს შეთანხმების საგანი გახდა.

რამდენიმე დღით ადრე სხვა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებაზე და რომ ბაქო „უპასუხოდ ვერ დატოვებს“ საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება.