უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მეორე წლისთავზე, საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კიევს უკვე მეორე წელია გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან იმის გამო, რომ თბილისი არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ურთიერთობების გაფუჭება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, იმ შედეგზე, რაც ორივე ქვეყნისთვის შეიძლება დადგეს. ჩვენ ორივეს გვყავს ერთი მტერი ეს არის რუსეთი და არ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა რომ გაგვხლიჩოს. ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, მაგრამ აშენება და გაფუჭებულის გამოსწორება არის ძალიან რთული თენგიზ ფხალაძე, ECIPE-ის უფროსმა მკვლევარი
2023 წლის ივლისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, კიევი ასევე დატოვა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა. უკრაინის ეს დემარში, უკრაინის მოქალაქის, ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მკვეთრ გაურესებას“ მოჰყვა.
ივლისშივე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსახატად დაიბარეს, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. თბილისმა ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში ფრენების დაწყების გამო, სანქციები დაეწესებინა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილისთვის.
„ეს რომ არანაირად არ წაადგება, არც საქართველოს და არც უკრაინას, მე მგონი ყველასთვის ცხადია. ურთიერთობების გაფუჭება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმ შედეგზე, რაც ორივე ქვეყნისთვის შეიძლება დადგეს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, „თანამედროვე საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები, ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან დიდი რუდუნებით და შრომით შენდებოდა. არაფერს ვამბობ, ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ კავშირებზე. ჩვენ ორივეს გვყავს ერთი მტერი ეს არის რუსეთი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ გაგვხლიჩოს.
ჩვენ ორივე მივდივართ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, აქაც ცალ-ცალკე სიარული ძალიან გაგვიჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, მაგრამ ურთიერთობების აშენება და გაფუჭებულის გამოსწორება არის ძალიან რთული.
ერთის მხრივ, საქართველოს მხარე, დიდი ხანია ნაწყენია უკრაინაზე, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ და არიან აქტიურები უკრაინაში. მეორეს მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება საქართველოს მხრიდან, ომის პერიოდში განსაკუთრებით. ამ ფონზე ურთიერთობების განვითარება არის შეუძლებელი“ – მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს.
თბილისსა და კიევსა შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, შესაძლოა არც გამოსწორდეს, თუ საქართველოში (ან უკრაინაში) ხელისუფლება არ შეიცვალა, თვლიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „გირჩში“.
„მე მაგალითად, სინამდვილეში ახალი მთავრობა თუ ეყოლება საქართველოს, გადავტვირთავდი ამ ურთიერთობებს, როგორც დასავლეთთან, ახალი პირობებით, ისე განსაკუთრებით უკრაინასთან“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „გირჩელი“ ვახტანგ მეგრელიშვილი.
ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. შეიძლება რაღაც გაგებით, ეს ვიღაცისთვის მისაღები პოლიტიკაა (საქართველოში), მაგრამ სინამდვილეში არ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაზეც „ოცნება“ ამ პოლიტიკას აგებს. თუ რამე პრეტენზია გვაქვს (უკრაინასთან), ამაზე დაველაპარაკებოდი ვახტანგ მეგრელიშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი, “გირჩი”
მეგრელიშვილი იმ 9-კაციანი საპარლამენტო დელეგეციის წევრი იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, 2022 წლის აპრილში, კიევში, ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების შემზარავ დანაშაულს ადგილზე გაეცნო.
მას შემდეგ, ასეთი ან უფრო მაღალი დონის, ოფიციალური შეხვედრა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აღარ გამართულა. თუ არ ჩავთლით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაუგეგმავ, რამდენიმეწუთიან გადაკვეთას, ახლახანს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„მე მგონია, რომ ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. შეიძლება რაღაც გაგებით, ეს ვიღაცისთვის მისაღები პოლიტიკაა (საქართველოში), მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაზეც „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას აგებს.
თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს (უკრაინასთან), ამაზე დაველაპარაკებოდი, ვეტყოდი, რომ შენთან ამ პრობლემებს ვხედავ და ამიტომ ასე და ასე ვიქცევი. მარა ეს განმარტებები (კიევთან) ხომ არ გვქონია? და, ურთიერთობების სურვილიც არ გვქონია“ – მიაჩნია დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილს.
საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში არსებულ უპრეცედენტო კრიზისში, მთელ პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.
„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ თავშესაფარი, მოქალაქეობა და თანამდებობები მისცა პირებს, რომლებზეც საქართველო სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა. მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.
პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, 2021 წელს, უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად, უკანონოდ შემოაპარა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„რა გგონიათ, რომ (სააკაშვილმა) მარტომ დაგეგმა ეს ყველაფერი? ვიცით ოფიციალურად, რომ მთლიანად უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა ეს შემოპარვა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ის შემოაპარეს, იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არეულობა. ეს ოპერაცია ებარა გია ლორთქიფანიძეს, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე.