“თბილისი აუთლეტ ვილიჯში” კოკა-კოლასთან, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან და ბენე ჯგუფთან სტრატეგიული მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

“თბილისი აუთლეტ ვილიჯში” სტრატეგიული წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან: კოკა-კოლასთან, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან (GTA) და ბენე ჯგუფთან მემორანდუმები გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე შექმნილმა თანამშრომლობამ თბილისი აუთლეტ ვილიჯის, როგორც რეგიონის მთავარი შოპინგის დანიშნულების ადგილის განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში ახალი სტანდარტების შექმნას ხელი უნდა შეუწყოს.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” თბილისი აუთლეტ ვილიჯის სივრცეში ერთობლივ კამპანიებსა და მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
“კოკა-კოლას აუთლეტებთან თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ამ მოდელს ჩვენ საქართველოში გადმოვიტანთ და “თბილისი აუთლეტ ვილიჯთან” ერთად ერთობლივ აქტივობებს დავგეგმავთ. ამით კი მოვიზიდავთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს” – აცხადებს ვატო პაპავაძე, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გაყიდვების დირექტორი.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან (GTA) პარტნიორობით, თბილისი აუთლეტ ვილიჯი კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო მასშტაბით, როგორც გამორჩეული შოპინგისა და კულტურული ტურიზმის ცენტრი – ადგილი, სადაც გაერთიანებულია უნიკალური გამოცდილება და ქართული სტუმარმასპინძლობა.
“მოგეხსენებათ, მსოფლიოში შოპინგ ტურიზმი ძალიან პოპულარულია და მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ეს ტენდენცია ინერგება. შოპინგ ტურიზმის ხაზი პირდაპირ გადის მაღალ ბიუჯეტიან დამსვენებელზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც კიდევ უფრო მეტი, შოპინგით დაინტერესებული ტურისტი შემოვა ჩვენს ქვეყანაში, ამით ხელს შევუწყობთ ტურიზმის განვითარებას.

პროცესში ასოციაციის წევრები აქტიურად იქნებიან ჩართული, რადგან მათი მომხმარებლები ითხოვენ მაღალი რანგის სავაჭრო ცენტრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ლოკაცია აუცილებლად იქნება “თბილისი აუთლეტ ვილიჯი” – ამბობს ნატალია კვაჭანტირაძე „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ბენე ჯგუფს, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კომფორტულ ტრანსპორტირებას, სივრცის სერვისსა და უსაფრთხოებას, ასევე ის “თბილისი აუთლეტ ვილიჯთან” ერთად განახორციელებს საერთო მარკეტინგულ აქტივობებს.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბიზნესის წარმომადგენლები და წამყვანი მედია საშუალებები დაესწრნენ.
თბილისი აუთლეტ ვილიჯის მიზანია, პარტნიორებთან ერთად შექმნას არა მხოლოდ შოპინგის სივრცე, არამედ ინოვაციური გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც სტილს, კულტურასა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს აერთიანებს.