თბილისი “არ ამბობს უარს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე” და 3+3 ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება – მასიუკი

1-ელ ივლისს რუსეთში გამართულ ღონისძიება კავკასიურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დმიტრი მასიუკი და საქართველოს შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ 3+3 ფორმატშიც საქართველოსთვის კარი ღია რჩება.
“ეს ფორმატი სამომავლოდ განიხილება როგორც ერთ-ერთი საყრდენი ელემენტი ევრაზიული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ 3+3-ის საქმიანობაში ყველა წევრის, მათ შორის საქართველოს, აქტიური მონაწილეობა, რისთვისაც კარი ღია რჩება, მთელი რეგიონის წარმატებისა და აღორძინების საწინდარი გახდება.” – ირწმუნებოდა მასიუკი.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე გააჟღერა პროპაგანდისტული ნარატივიც, თითქოს დასავლეთის ქვეყნები საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვენ.
“დასავლელები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ხელების გადაგრეხვას, შანტაჟს სანქციებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღდეგ ახალი სისხლიანი ავანტიურების მოთხოვნას, ანტირუსულ შეზღუდვებზე შეერთებას.” – თქვა მასიუკმა.
მასიუკის თქმით, თბილისი “არ ამბობს უარს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე”.