თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა – გზების დეპარტამენტი

თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა – გზების დეპარტამენტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე მიმდინარე რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით.
„შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სოფელ ყარათაკლიადან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც სოფელ გამარჯვებაში უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას, ხოლო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა, სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე ხორციელდება მარჯვენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება მარცხენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 ოქტომბერი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით“– ნათქვამია ინფორმაციაში.