თბილისის ქარვასლის შემდეგ, „საპონერია“ ფილიალს გორი მოლში ხსნის

თბილისის ქარვასლის შემდეგ, „საპონერია“ ფილიალს გორი მოლში ხსნის
„საპონერიამ“, რომელიც ხელნაკეთ საპნებსა და სპა საშუალებებს აწარმოებს, პირველი მაღაზია თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 2022 წელს გახსნა, რომელიც სირთულეების გამო დაიხურა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელი ანა კაჭკაჭიშვილი ამბობს, ტურისტებისა და ადგილობრივების დაბალმა ტრაფიკმა და კორპუსის ცენტრალურმა პრობლემებმა „ფაქტობრივად გააკოტრა ბიზნესი, მაგრამ თავიდან დააყენეს ფეხზე“. მიმდინარე წლის იანვარში „საპონერიამ“ ახალი სივრცე თბილისის ძველ ქარვასლაში გახსნა, მეორე ფილიალს კი გორი მოლში ხსნის.
„საპონერიას“ ახალი სივრცის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტი“ანა კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.
როდის გაიხსნა საპონერიას“ ახალი სივრცე და როგორია ასორტიმენტი?
ანა კაჭკაჭიშვილი საპონერიას დამფუძნებელი: ძველ „ქარვასლაში“ მიმდინარე წლის იანვრიდან გავხსენით ახალი სივრცე. მანამდე გვქონდა მაღაზია არაყიშვილის 8 ნომერში, რომელიც იქ არსებული პრობლემების გამო დავხურეთ. ბევრი სირთულე იყო გზადაგზა, მაგრამ ამჟამად ძალიან კარგი კონცეფციის სივრცე შეიქმნა „ქარვასლაში“ და ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც იქ არის წარმოდგენილი „საპონერიაა“. ადგილზე შეკრებილია ეკომეგობრული ბრენდები, ბუნებრივი საღებავებით შეღებილი ტანსაცმელი, ხელნაკეთი შოკოლადები, კაფეც იხსნება და საინტერესო ივენთები ტარდება.
ასორტიმენტს რაც შეეხება, 2 მიმართულება გვაქვს – სამკურნალო და სასაჩუქრე. ორივეს შემთხვევაში ვიცავთ ეკომეგობრულობას, ბიოდეგრადირებადია ყველა პროდუქტი, არ აბინძურებს წყალს, არ შეიცავს კანისთვის მავნე ინგრედიენტებს და ქიმიკატებს. ჩვენი პროდუქტები კანის სხვადასხვა პრობლემებს უხდება, სასაჩუქრე მიმართულებაშიც ბიოდეგრადირებადი და ნატურალურია ყველაფერი. თუმცა, აქ მეტი აქცენტი დიზაინზე, სურნელზე და ესთეტიკაზე კეთდება.
რომელია „საპონერიას“ ახალი და მოთხოვნადი პროდუქტები?
კანის მოვლასთან დაკავშირებით გვაქვს შრატები, რომლებიც დამზადებულია ჰიალურონის მჟავითა და სხვადასხვა ვიტამინებით. ყოველდღიური მოვლისთვის ასევე ძალიან გამორჩეული პროდუქტია ჟელე-ნიღაბი, რომელსაც ბიორევიტალიზაციის ეფექტი აქვს (არაინვაზიური მეთოდით). ამ ნიღბის 15-20 წუთით გაჩერებას იგივე ეფექტი აქვს, რაც ბიორევიტალიზაციას. მათი ფასი 26-დან 79 ლარამდეა.
ყველაზე მოთხოვნადია სასაჩუქრე ყუთები, რომელიც კორპორაციული და საცალო მიმართულებითაც ძალიან აქტუალურია. პრიორიტეტიდან და ფასიდან გამომდინარე მყიდველს თავადაც შეუძლია სასაჩუქრე ყუთის აწყობა. სასაჩუქრე შეფუთვაზე ფასები 15-20 ლარიდან იწყება. ასევე მოთხოვნადია ზევით ნახსენები შრატები, ჟელე-ნიღაბი და აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტები.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, ქართველები, თუ უცხოელები?
ქართველებიც და უცხოელებიც. ძირითადი აქცენტი ქართულ ბაზარზე გვაქვს, რადგან ქართველი მომხმარებლისთვის ვქმნით ამ პროდუქტს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „ქარვასლაში“, ტურისტულ ცენტრშია ჩვენი ობიექტი, უცხოელებშიც ძალიან პოპულარულია. მუზეუმიც იქვეა და ტურისტები აქტიურად ეცნობიან ქართულ კულტურასაც და ეკოლოგიურად სუფთა ქართულ ნაწარმსაც.
ონლაინ გაყიდვები უფრო აქტიურია, თუ ადგილზე?
გაყიდვებს რაც შეეხება, ონლაინ და მაღაზიაში გაყიდვები დაახლოებით თანაბრადაა გადანაწილებული.
არაყიშვილზე რა პრობლემები იყო, რატომ დახურეთ მაღაზია?
„საპონერეა“ ის პროდუქტის, რომელსაც სჭირდება კარგი ტურისტული და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ტრაფიკი, რაც არაყიშვილზე არ იყო; ეს არის პროდუქტი, რომელიც უნდა ნახო, შეეხო, უსუნო, დაათვალიერო. თუნდაც შესაძენად არ იყოს შემოსული, ჩვენთვის ყველა სტუმარი აქტუალურია, მათთვის ტესტერებიც უფასოა. თან კორპუსს ჰქონდა ცენტრალური პრობლემები, რომელიც ვერ მოგვარდა და ფაქტობრივად გააკოტრა ბიზნესი, მაგრამ თავიდან დავაყენეთ ფეხზე.
სამომავლოდ რა გეგმები აქვს „საპონერიას“?
გორი მოლში იხსნება „საპონერიას“ ახალი ფილიალი.