14 აპრილს, 11:00 საათიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე მასტერკლასს ჩაატარებს.
დასწრება თავისუფალია.
ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძემ დაამთავრა ლა-სკალას აკადემია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურა (პროფ. გ კარიაულის კლასი).
ის წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე როგორიცაა: მილანის ლა სკალა, ლონდონის კოვენთ გარდენი, ბარსელონას ლისეუს თეატრი, ლოს-ანჯელესის ოპერა, ბერლინის და დიუსელდორფის დოიჩე ოპერები, ტულუზის კაპიტოლი, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, დრეზდენის სემპერ ოპერა, მადრიდის სამეფო და ცარცუელას თეატრი, ტოკიოს ნაციონალური თეატრი, ნეაპოლის სან-კარლოს და ტრიესტის ვერდის თეატრი, ვარშავის ვიელკის და ლუზანის თეატრი, პარმის და ტურინის სამეფო თეატრები, ვენეციის ფენიჩეს თეატრი, გრაცის, ბილბაოს, ლაიფციგის ოპერა, მონპელიეს, მარსელის და ნიცას თეატრები, პალერმოს და კატანიის მასიმოს თეატრები, სევილიის მაესტრანცას თეატრი, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრი, ბარის პეტრუცელის თეატრი, ისრაელის, ბაზელის, მონტე-კარლოს, კებეკის და მალმეს ოპერა, პალმა დე მაიორკას და მენორკას მუნიციპალური თეატრები, თესალონიკის მეგარონი. ასევე ხშირი სტუმარია ისეთი საერთაშორისო ფესტივალების როგორიცაა: არენა დი ვერონას, სპოლეტოს, მაჩერატას, კარაკალას, ვექსფორდის, მაიფესტშპირლეს, სანსეს, ანნესის, ელ ესკორიალის, ვენეტოს, დონასტიას, ალ ბუსტანის, “შემოდგომის თბილისის”, წინანდილის ფესტივალები და სხვა.
ქეთევან ქემოკლიძემ უდიდესი წარმატებით შეასრულა ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირას) როლი ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას ფილმში “მე, დონ ჯოვანი“.
მან გამარჯვება მოიპოვა სხვა და სხვა საერთაშორისო კონკურსებზე, მათ შორის: პლასიდო დომინგოს “ოპერალია”, ტულუზის, ბარსელონას, ბელვედერის, ე. ობრაზცოვას და საქართველოს რესპუბლიკურ კონკურსებზე.
