თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს ეხება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, ის სხდომას არ ესწრება.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე სხდომის გადადება სთხოვა.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, გიორგი ვაშაძის განცხადება საჯაროდ გავრცელდა, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ის პრინციპულად არ მივიდოდა, შესაბამისად, მათ ეჭვი გამითქვეს, რამდენად საპატიო იყო მისი დღევანდელი გამოუცხადებლობა და დროის გაჭინაურებას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ის „დროის მოგების აზრს ვერც ხედავს, რადგან მოსამართლე იმას გააკეთებს, რასაც ეტყვის“.
მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ის სხდომის გადადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით იმსჯელებდა, ახლა კი დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.