თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, დაცვის მხარეს ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსმა მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.