სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს,- ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა განაცხადა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში დისტანციურად ჩვენებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აძლევს. ის შემთხვევის დროს იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ანატოლი გიგაური.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
