თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
როგორც პროცესის დაწყებამდე, ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ვეფხია კასრაძის საქმის გამომძიებლები უნდა გამოიკითხონ, რომლებმაც ვიდეო მასალის ჩამოტვირთვა ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან მოახდინეს და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს.
მისივე თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, სწორედ აღნიშნული ვიდეო მასალაა, რომლის ავთენტურობა „ამ დრომდე ვერ დგინდება და ვერც დადგინდება“.
სასამართლო პროცესის დაწყებისას პროკურორებმა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს. ასევე, პროკურორებმა შუამდგომლობით მოითხოვეს ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვა და დღეს გამოკვლევა.
დაცვის მხარის ადვოკატების განმარტებით, დაცვის მხარეს შუამდგომლობა დღეს ჩაბარდა, თუმცა დასკვნები გუშინ გადაეცათ. ადვოკატებმა განმარტეს, რომ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრეს, რადგან აღნიშნული შუამდგომლობა დღეს გადაეცათ. მათივე განმარტებით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მიიღეს და შესაბამისად, პოზიციას დღევანდელ პროცესზე ვერ დააფიქსირებდნენ, თუმცა ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე თავის პოზიციას განმარტავდნენ.
მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვიტილებით კი პროცესზე ნახევარი საათი შესვენება გამოცხადდა, რათა ადვოკატები შუამდგომლობას გასცნობოდნენ. ამ დროისთვის, სასამართლო პროცესი უკვე განახლდა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
