თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს მსჯავრდებული 8 პირის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც მსჯავრდებულ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განაცხადა, დღეს მიღებულმა განაჩენმა ვერც ერთი სამართლებრივი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა.
„ბრალდება, რომელიც წარდგენისთანავე აბსურდული იყო, სასამართლო პროცესზე, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში დადასტურდა. პროკურატურამ ვერ შეძლო, ერთი პირდაპირი მტკიცებულებითაც კი დაედასტურებინა ვეფხია კასრაძის რაიმე ქმედება და მოქმედება. სასამართლოს პირველივე დღიდან ვეუბნებით პროკურატურას, დაგვისახელეთ ერთი მტკიცებულება, რომელიც ვეფხია კასრაძის მხრიდან ქმედების განხორციელებას დაადასტურებს. საქმეში მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი, რაც დაადასტურებს კასრაძის ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას, ასევე სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში.
ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, როცა სასამართლოს გამბედაობა არ ეყო კანონიერი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. არ არსებობდა მტკიცებულებები, რომ დღევანდელი სხდომა აღნიშნული შედეგით დასრულებულიყო. მტკიცებულებები უტყუარობის, კანონიერების ნაწილში უნდა შეფასდეს და ვერც ერთი სტანდარტი, ვერ დააკმაყოფილა აღნიშნულმა განაჩენმა. ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ გადააკვალიფიცირა, ვერ უძლებს მინიმალურ სამართლებრივ კრიტიკასაც კი.
დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდეს და ერთადერთი, სწორი განაჩენი იქნეს მიღებული, ეს არის ყველა პირის გამართლება. როცა ყველა ინსტანციას ამოვწურავთ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, რომელიც სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლებას დაადგენს“, – განაცხადა ჭავჭანიძემ.




